ისტორია/სახელწოდება

ერთ საუკუნეზე ცოტა მეტი დრო თუ გვაცილებს იმ პერიოდიდან, როცა „საფიჩხიად“ წოდებულ ფართობზე დასახლებისა და ადამიანის ცხოვრების ნიშანწყალიც არ იყო.  ეს უბანი წარმოადგენდა მუხრანის ტყესთან შეერთებულ ხე-ბურდოებით დაფარულ მწვანე მასივს, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ჩამოდიოდა იმ დროინდელი ქალაქის ტერიტორიამდე, ანუ ახლანდელ ცენტრალურ მოედანსა და კიროვის ქუჩის მთელ სიგრძეზე. მხოლოდ მე-19 საუკუნიდან ქალაქის შემდგომ ზრდასთან ერთად ეს მასივი თანდათანობით გაიჩეხა და დასახლდა.  გასული საუკუნის სამოციანი წლებისათვის გაჩეხილი ტყის საზღვარი ახლანდელი თბილისისა და გოგებაშვილის ქუჩების თავშეყრის ადგილამდე აღწევდა, სადაც როგორც თბილისიდან შემოსასვლელ გზაზე იმ პერიოდშივე აშენდა ე.წ „ზასტავის“ ხის შენობა შლაგბაუმით, სასწორითა და სადარაჯო ოთახით. მისი სამხრეთ აღმოსავლეთით ჯერ კიდევ საუკუნენახევრის წინ ე.წ სრულიად გაუკაფავ ტყის ნაწილში მოეწყო „ინტერნაციონალური“ (კათოლოკების, ქართველების, სომხების და სხვა) სასაფლაოები. სასაფლაოს ტერიტორიებზე აგებული ხის ეკლესიები შემდეგ შეიცვალა ქვის ეკლესიებით, რომელთაგან მხოლოდ კათოლიკების ეკლესიამ მოაღწია დღემდე ნახევრად დანგრეული სახით. სასაფლაოების ირგვლივ არსებული ტერიტორია  დაუსახლებელი იყო, რის გამოც ამ ადგილებში ხშირი იყო ძარცვის, თავდასხმისა და მკვლელობის შემთხვევებიც კი. ამიტომ აქეთ დასახლება ვერავის გაებედა და დღეს ქალაქის ეს მჭიდროდ დასახლებული უბანი მიმდინარე საუკუნის პირველ ათეულ წლებშიც სასაფლაოს ტერიტორიად გვევლინება  ქალაქის გეგმაზე.   აღწერილ ძველ სასაფლაოებზე მალე აკრძალულა დასაფლავება და 1894 წლიდან მდ. წყალწითელაზე გადამდგარ მთის პლატოზე ქალაქის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას გაუხსნია ახალი სასაფლაო, რომელიც დღესაც მოქმედია, სამწუხაროდ იმ  ორკილომეტრამდე სიგრძის ლამაზი ხეივნიდან რომელიც სპეციალურად მისასვლელ გზაზე გაუშენებიათ, დღეს შეიმჩნევა მხოლოდ რამდენიმე ძველი ხე, რომლებიც თვით სასაფლაოს ტერიტორიაზეა შემორჩენილი.     ახლანდელი ჯაფარიძის ქუჩაზე იყო ნიაღვარსადენი ბევრი ღრმა ხევი და კასტრული ძაბრი, რომელთაგან დროთა განმავლობაში შეიქმნა ე.წ „საფიჩხიის ტბები“ ეს ტბები წვიმების დროს გადმოიტბორებოდნენ, რის გამოც მე-20 საუკუნის ათიან წლებში იქაურ ერთეულ მოსახლეთა ეზოებთან მისვლაც კი ხდებოდა. ასეთივე ღელეებითა და ხრამებით იყო დასერილი ახლანდელი ხარაზოვის ბაღიც.   ე.წ ხარაზოვის ბაღში ამოივსო ხევები-ხრამები და მასზე გაშენდა მწვანე მასივი .საფიჩხიის მთის ფერდობზე არსებული წყაროები და წისქვილი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ახლა აქ სასელექციო საცდელი სადგურის ხეხილის ბაღ-პარკია გაშლილი, ხოლო მის ზემოთ, ვიწრო გზის ნაცვლად ასფალტირებული, შუაში ყვავილნარიანი მხარგაშლილი გზატკეცილია, რომლის პირას 1961 წლიდან აიგო თანამედროვე ტიპის კაფე-პალიონის ლამაზი შენობა.   განსაკუთრებით საინტერესოა ამ უბნის მომავალი სახე, მისი სასიცოცხლო ძარღვი-თბილისიდან შემომავალი მაგისტრალი ქალაქის ულამაზეს კარიბჭედ იქცა.                                                          (გაზეთი 1967წ 16 ნოემბრის გამოშვება შ. ლომთაძე)  


სახელწოდება



ქალაქ ქუთაისის ერთ-ერთ უბანს საფიჩხიას (ხშირად საფირჩხიასაც უწოდებდნენ). საფიჩხია წარმოშობილია ფიჩხისგან. აქაურთა გადმოცემით წინათ აქ  ყოფილა ტყე. სადაც გლეხები აგროვებდნენ ფიჩხს (ფირჩხას) და ურმებით ჩაჰქონდათ გასაყიდად ქალაქში.









No comments:

Post a Comment