საფიჩხია მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, შემაღლებულ ადგილზე. ეს არის ქალაქ ქუთაისის შემოსასვლელი მდ. წყალწითელას მხრიდან. საფიჩხიის მოედანზე თავს იყრის რამდენიმე ქუჩა: სოლომონ II-ის (ურიცკის), კოსტავას (ჯაფარიძე), კლდიაშვილის, თბილისის, წმინდა სამების (მოგილევსკის). ამ მიდამოებშია საფიჩხიის სასაფლაო, ამაღლების ეკლესია, ბაზარი, მოედანი რომლის ცენტრში იდგა მემორიალი (იგი ახლა აღებულია), მე-5 საჯარო სკოლა და ხარაზოვის ბაღი. იგი მოიცავს: 26 მაისის, ვ.მიზანდარის, ზარდალიშილის, დ.კლდიაშვილის, დ.თომაშვილის, ბ. კაპეტივაძის, განათლების, დ.ნიჟარაძის, შ.არაგვისპირელის, დ.თავდადებულის, სოლომონ I-ის, ტყაბლაძის, კიბორძალიძის, ირ.ბაზაძის, ირ.ევდოშვილის, წმ.სამების, ნეკრასოვის, სოლომონ II-ის, ტყიბულის, გოგებაშვილის, ახვლედიანის, თბილისის, მეფისაშვილის, მ.კოსტავას, ლ.უკრაინსკის, ბადრიძის, ყიფიანის, მკურნალის, ბათუმის, გელათის ქუჩებს.
26 მაისის ქუჩა იწყება გელათის ქუჩიდან და მთავრდება სოლომონ პირველის ქუჩასთან. წარმოქმნილია მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, ითვლებოდა პოლიციის ქუჩის ნაწილად. 1921 წელს პოლიციის ქუჩას დაერქვა ალიოშა ჯაფარიძის სახელი. 1990 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საპატივცემულოდ მიენიჭა _ 26 მაისის სახელობის ქუჩის სახელი.
ვალერიან მიზანდარის ქუჩა იწყება 26 მაისის ქუჩიდან და მთავრდება კლდიაშვილის ქუჩასთან. წარმოქმნილია მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, 1926 წლიდან იწოდებოდა ჯაფარიძის ქუჩის მე-7 შესახვევად, მაგრამ იმხნად, შესახვევი დღევანდელი ქუჩის შუა წელამდე, ტბის (დღევანდელი დათა ნიჟარაძის) ქუჩამდე აღწევდა. მე-20 საუკუნის 40- იანი წლების ბოლოდან წყალსადენის (დღევანდელი კლდიაშვილის) ქუჩიდან დაიწყო წარმოქმნა შესახვევმა, რომელიც თანდათან შეუერთდა ყოფილი ჯაფარიძის ქუჩის მე-7 შესახვევს. 1983 წელს შესახვევი ქუჩად გამოცხადდა და მიენიჭა ცნობილი ქართველი მოქანდაკის, საქართველოს სახალხო მხატვრის ვალერიან მიზანდარის სახელი.
იუზა ზარდალიშვილის ქუჩა იწყება 26 მაისის ქუჩიდან და მთავრდება ტყიბულის ქუჩასთან. ქუჩის ტერიტორია მე-20 საუკუნის 30-აინ წლებამდე შედიოდა ტყით დაფარული ქალაქის საგარეუბნო ნაწილის შემადგენლობაში.დღევანდელი 26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევსა (ყოფილი ჯაფარიძის მესამე შესახვევი) და განათლების (ყოფილი კიროვობადის) ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორია 1938 წელს ქალაქის ხელმძღვანელებს გამოუყვიათ ებრაელთა და სომეხეთა სასაფლაოსათვის. დღევანდელი ზარდალიშვილის ქუჩაც ამ სასაფლაოთა ტერიტორიაზე შედიოდა. მე-19 საუკუნის ბოლოსათვის ეს სასაფლაოები თანდათან იკეტება, ხოლო მე-20 საუკუნის 10-იანი წლებისათვის საერთოდ გაუქმდა კიდეც.1983 წელს ქუჩას მიენიჭა ქუთაისში დაბადებული მოღვაწის, გამოჩენილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილის სახელი.
დავით კლდიაშვილის ქუჩა იწყება სოლომონ პირველის ქუჩასთან და მთავრდება ყოფილ საშენ მასალათა წარმოების კირის ქარხნებთან. ქუჩის ტერიტორია ფეოდალურ ხანაში შედიოდა ქუთაისის საგარეუბნო ტოპონიმ საფიჩხიის იმ ნაწილში, რომელიც ზედა საფიჩხიად იყო ცნობილი. ქუჩად წარმოქმნა დაიწყო მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან და მესამე მოწამეთის ქუჩად იხსენიებოდა , მე-20 საუკუნეში ქუჩას ჯერ წყალსადენის, 1962 წელს კი გამოჩენილი ქართველი მწერლის დავით სიმონის ძე კლდიაშვილის სახელი მიენიჭა.
დომენტი თომაშვილის ქუჩა მდებარეობს რიონჰესისა და განათლების ქუჩებს შორის, შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში. ქუჩა გვიანფეოდალურ ხანაში შედიოდა საფიჩხიის ტერიტორიაში. ქუჩად წარმოქმნა დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-2 მოწამეთის ქუჩის მე-2 შესახვევად იწოდებოდა. 1926 წელს შესახვევს ეწოდა მოკლე ქუჩა. 1957 წელს ქუჩას ეწოდა ქუთაისში მოღვაწე ცნობილი პოეტისა და პედაგოგის დომენტი თომას ძე თომაშვილის სახელი.
ბადრი კაპეტივაძის ქუჩა იწყება 26 მაისის ქუჩიდან და მთავრდება ტყიბულისა და ზარდალიშვილის ქუჩების გადაკვეთასთან. ქუჩა წარმოქმნილია მე-19 საუკუნის 80- იან წლებში. იწოდებოდა განათლების ქუჩის პირველ შესახვევად. 2003 წელს შესახვევს მიენიჭა ქუთაისში პირველი ტელეკომპანია რიონის დამფუძნებლის ბადრი კაპეტივაძის სახელი.
განათლების ქუჩა მდებარეობს 26 მაისისა და დ.კლდიაშვილის ქუჩებს შორის, შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში. ქუჩა წარმოიქმნა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში. იგი საბჭოთა ხელისუფლების პირველი წლებში ჯაფარიძის ქუჩის მე-4 შესახვევად იწოდებოდა. 1926 წელს შესახბებს მიენიჭა განათლების ქუჩის სახელი. 1955 წელს ქუჩას მიაკუთვნეს აზერბაიჯანის სსრ-ის ქალაქ კიროვობადის სახელი.1991 წლიდან კვლავ განათლების ქუჩა.
დათა ნიჟარაძის ქუჩა მდებარეობს განათლების და კლდიაშვილის ქუჩებს შორის. შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში. ქუჩა წარმოქმნილია მე-19 საუკუნის ბოლოს. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ითვლებოდა ყოფილი ჯაფარიძის ქუჩის შესახვევად. 1926 წელს მიენიჭა ტბის სახელი. 1937 წლიდან კი მწერლისა და დრამატურგის ალექსანდრე ოსტროვსკის სახელს ატარებდა. 2001 წელს ქუჩას გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის დათა ნიჟარაძის სახელი ეწოდა.
შიო არაგვისპირელის ქუჩა მდებარეობს ტყიბულისა და განათლების ქუჩებს შორის, შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში. წარმოიშვა მე-20 საუკუნის 50-იანი წლების შუახანებში ყოფილი ტყიბულის ქუჩის პირველი ჩიხისა და კიროვობადის (დღევანდელი განათლება) ქუჩის მეორე ჩიხის შეერთების შედეგად. ამ სახით ახლადწარმოქმნილ ქუჩას 1958 წელს მიენიჭა გამოჩენილი ქართველი მწერლის შიო არაგვისპირელის სახელი.
დემეტრე მეორე თავდადებულის ქუჩა მდებარეობს ტყიბულისა და თომაშვილის ქუჩებს შორის, შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში. მე-19 საუკუნის შუახანებამდე შედიოდა ზედა საფიჩხიის ტერიტორიაში, ქუჩად წარმოქმნა დაიწყო ამავე საუკუნის 90-იანი წლებიდან . იმ ხანებში იგი ითვლებოდა მოწამეთის ქუჩის მე-2 შესახვევად. 1926 წელს მიენიჭა გლეხთა, 1927 წელს _ კოლმეურნეთა ქუჩის, ხოლო 1989 წელს დემეტრე თავდადებულის სახელი.
სოლომონ პირველის ქუჩა იწყება კოტე ბარქაიას ქუჩიდან და მთავრდება სოლომონ მეორის ქუჩასთან. ქუჩა ჯერ კიდევ ფეოდალური ხანის სინამდვილეშია მოქმედი როგორც თბილისიდან ქუთაისში შემომავალი მაგისტრალური გზის ნაწილი.მე-19 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ქუჩა ორ ნაწილად იყო დაყოფილი და ყოფილი ურეცკის ქუჩის მონაკვეთი _ ძველი თბილისის სახელით იწოდებოდა. ქუჩა მაშინ დღევანდელი ამაღლების ეკლესიის მიდამოებში მთავრდებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუჩა თანდათანობით გაგრძელდა და მდინარე წყალწითელამდე გავიდა. 1921 წელს ქუჩას მიენიჭა რევოლუციონერის, მემარცხენე ესერის მოსე ურიცკის სახელი. 1989 წელს ქუჩას მიანიჭეს იმერეთის მეფის სოლომონ პირველის სახელი.
კონსტანტინე ტყაბლაძის ქუჩა მდებარეობს სოლომონ პირველის და წმინდა სამების ქუჩებს შორის , შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში. წარმოქმნილია მე-20 საუკუნის 10-იან წლებში. ადრე იგი ძველი თბილისის ქუჩის უსახელო შესახვევი იყო. 1983 წელს შესახვევს მიენიჭა ქუთაისში დაბადებული საბჭოთა კავშირის გმირის კონსტანტინე ტყაბლაძის სახელი.
აკაკი კიბორძალიძის ქუჩა წარმოადგენდა სოლომონ პირველის ქუჩის მეორე ჩიხს. 2001 წელს ეწოდა იქ მცხოვრები მსოფლიოს ჩემპიონის, ევროპისა და ყოფილი სსრკ მრავალგზის ჩემპიონისა და პრიზიორის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის აკაკი კიბორძალიძის ქუჩა.
ირაკლი ბაზაძის ქუჩა განთავსებულია სოლომონ პირველისა და კ.ტყაბლაძის ქუჩებს შორის. 1921 წლიდან ითვლებოდა ურიცკის, 1989 წლიდან კი სოლომონ პირველის ქუჩების მეორე შესახვევად. 2001 წელს მიენიჭა ქართველი პოეტის ირაკლი ბაზაძის სახელი.
იროდეონ ევდოშვილის ქუჩა მდებარეობს საფიჩხიისა და კახიანოურის მუნიციპალიტეტებში. იწყება წმინდა სამების ქუჩასთან მდებარე რკინიგზის ხაზიდან და მთავრდება ქალაქის საზღვრებთან. ქუჩის ტერიტორია მე-19 საუკუნის 80-იან წლებამდე შედიოდა საღორიის აგარაკის შემადგენლობაში. 1922 წელს ქუჩას მიენიჭა გამოჩენილი ქართველი მწერლის იროდეონ ოსაკის ძე ევდოშვილის სახელი.
წმინდა სამების ქუჩა იწყება სოლომონ პირველის ქუჩიდან და მთავრდება საფიჩხიის სასაფლაოსთან. წარმოქმნილია მე-19 საუკუნის ბოლოს საფიჩხიის სასაფლაოს წარმოქმნის პარალელურად. 1922 წელს იგი ევდოშვილის ქუჩის მე-6 შესახვევად იწოდება. 1926 წელს შესახვევი ქუჩად გამოცხადდა და მიენიჭა სოლომონ მოგილევსკის სახელი. 1990 წელს წმინდა სამების სახელი. ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი დოგმატი სამერთარსება, რომლის მიხედვითაც ერთიანი ღმერთი არსებობს სამი სახით: მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი და სულიწმინდა.
ნიკოლოზ ნეკრასკოვის ქუჩა შედის კახიანოურის და საფიჩხიის მუნიციპალიტეტებში. იწყება რკინიგზის დეპოდან და მთავრდება, ერთის მხრივ ამ ქუჩის სახლი №120-ით და მეორს მხრივ ტყაბლაძის ქუჩასთან. წარმოქმნილია მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1926 წელს მიენიჭა ლიანდაგის სახელი. 1955 წელს ქუჩას მიაკუთვნეს დიდი რუსი პოეტის ნიკოლოზ ნეკრასკოვის სახელი.
სოლომონ II-ის ქუჩა იწყება სოლომონ I-ის ქუჩიდან და მთავრდება მდინარე წყალწითელას ხიდთან. ქუჩა წარმოქმნილია მე-20 საუკუნის დასაწყისში, იგი ძველი თბილისის ქუჩის ნაწილს წარმოადგენდა. 1921 წლიდან კი ყოფილი ურიცკის ქუჩის შემადგენელი ნაწილია. 1926 წელს ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ცალკე გამოიყო და განსხვავებით ურიცკის ქუჩის „ურიცკის რგოლის“ სახელი მიანიჭეს. მაშინ იგი იწყებოდა ურიცკის ქუჩიდან და მთავრდებოდა იქ, სადაც დღეს ყოფილი ურიცკის, ამჟამინდელი სოლომონ I-ის ქუჩა მთავრდება.1986 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის, წლების განმავლობაში ქუთაისის აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარის, პეტრე ჩხობაძის სახელი, იმ განსხვავებით, რომ მან მიიერთა ურიცკის ქუჩის ის მონაკვეთი, რომელიც ყოფილი ურიცკის რგოლის ბოლოდან გრძელდებოდა წყალწითელას ხიდამდე. 1990 წელს მიანიჭეს იმერეთის მეფის სოლომონ II-ის სახელი.
ტყიბულის ქუჩა იწყება გელათის ქუჩიდან და მთავრდება დ.კლდიაშვილის ქუჩასთან. მისი ტერიტორია გვიანფეოდალურ ხანაში შედიოდა ქალაქის საგარეუბნო დასახლების მწვანეყვავილას მიდამოებში. ქუჩად წარმოქმნა დაიწყო მე-19 საუკუნის შუახანებში და იწოდებოდა მოწამეთის მე-2 ქუჩად. 1926 წელს ქუჩას მიენიჭა ქალაქ ტყიბულის სახელი.
გელათის ქუჩა იწყება დავით აღმაშენებლის მოედნიდან და მთავრდება ქალაქის საზღვართან მდებარე სატელევიზიო ანძასთან. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე იგი მოწამეთის ქუჩის სახელითაა ცნობილი. 1926 წელს ქუჩას ეწოდა ლუკიანე თაბუკაშვილის ქუჩა. 1937 წელს ქუჩას სახელი გადაერქვა და თბილისის ქუჩად იწოდებოდა. 1951 წელს დაერქვა გელათის ქუჩა. 1977 წელს ქუჩა ორ ნაწილად გაიყო ხოლო 1990 წელს გაერთიანდა. იგი მე-19 საუკუნის შუახანებიდან იწყებს დაშლას. მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მას გაგარინის ქუჩას უწოდებენ. 1921 წლიდან შაუმიანის ქუჩად, 1926 წლიდან III ინტერნაციონალის, 1935 წლიდან კიროვის, ხოლო 1936 წლიდან მაიაკოვსკის ქუჩად იწოდებოდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე “პოლიციის ქუჩა“ ეწოდებოდა. 1921 წლიდან მას ჯაფარიძის ქუჩის სახელი მიენიჭა. ქუჩის მონაკვეთი, რომელიც ყოფილი მე-9 აფთიაქიდან იწყება გელათის ქუჩის მიმართულებით, 1921 წლამდე “მოწამეთის“ ქუჩის სახელით არის ცნობილი. 1926 წელს ქუჩის ეს მონაკვეთი თაბუკაშვილის, 1937 წელს თბილისის, 1937 წლიდან კი გელათის ქუჩის შემადგენლობაში შედის. 1937 წელს გელათის ქუჩა ორ ნაწილად გაიყო. პირველ ნაწილს სახელოვანი მეფისა და სარდლის, დიდი პოლიტიკური მოღვაწის დავით მე-4 აღმაშენებლის სახელი ეწოდა, ხოლო ქუჩის გაგრძელება კვლავ გელათის ქუჩად დარჩა. ქუჩას სახელი მიენიჭა გელათის სამონასტრო ანსაბლთან დაკავშირებით.
იაკობ გოგებაშილის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარცხენა მხარეს, შედის „ქალაქ-მუზეუმის“და „საფიჩხიის“ მუნიციპალიტეტებში. იწყება თამარ მეფის ქუჩიდან და მთავრდება თბილისის ქუჩასთან. წარმოიქმნა მე-19 საუკუნის შუა ხანებში და იმავე საუკუნის 60-იანი წლებიდან „გენერლის“ ქუჩად იწოდებოდა ამ ქუჩის ბოლოს მცხოვრები გენერალ სპირიდონ მაჭავარიანის პატივსაცემად. 1912 წლის 11 ივნისს ქალაქის გამგეობამ გამოიტანა დადგენილება, რომ ამ ქუჩას უნდა დარქმეოდა იმხანად გარდაცვლილი, დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ სამსონის ძე გოგებაშვილის სახელი. ამ დადგენილების დამტკიცების მიუხედავად, მისი განხორციელება ფაქტობრივად საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე არ მომხდარა, ამიტომ იგი კვლავ “გენერლის“ ქუჩად მოიხსენიებოდა. ქუჩას დიდი პედაგოგის სახელი საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში დაუმკვიდრდა. მისი გაგრძელება ურიცკის(დღევანდელი სოლომონ II-ის)ქუჩამდე გოგებაშვილის ქუჩის მე-6 შესახვევად იწოდებოდა. დღეს ეს მონაკვეთი მკურნალის ქუჩის სახელს ატარებს.დროთა განმავლობაში მას ჩამოაშორეს სხვა შესახვევები და დამოუკიდებელ ქუჩად გამოაცხადეს.მისი მე-2 შესახვევი იწოდება ნაზარიშვილის ქუჩად,მე-4 შესახვევი კი ჯერ პაოლო იაშვილის, ხოლო შემდეგ გიორგი ახვლედიანის ქუჩად იწოდება.
გიორგი ახვლედიანის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარცხენა მხარეს, შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში, განთავსებულია ნაზარიშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა მე-20 საუკუნის 10-იან წლებში და 1926 წლიდან ითვლებოდა გოგებაშვილის ქუჩის მე-4 შესახვევად.1975 წელს ეწოდა ქუთაისში დაბადებული გამოჩენილი ქართველი პოეტის პაოლო იაშვილის,1990 წელს კი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელი.
თბილისის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარცხენა მხარეს, შედის „ქალაქ-მუზეუმისა“ და „საფიჩხიის“ მუნიციპალიტეტებში. იწყება დავით აღმაშენებლის მოედნიდან და მთავრდება სოლომონ I -ის ქუჩასთან, ქუჩის დასაწყისის ნაწილი გვიანფეოდალურ ხანაში შედიოდა ქუთაისის მოურავის სახელის მფლობელ წულუკიძეთა მფლობელობაში, ხოლო მისი გაგრძელება კი „საფიჩხიის“ უბნის ტყით დაფარული ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენდა. ქუჩად წარმოქმნა დაიწყო მე-19 საუკუნის შუახანებიდან. ამ დროს მიენიჭა მას ივანოვის სახელი, ქუთაისის ყოფილი გუბერნატორის ივანოვის საპატივცემულოდ. 1921 წელს ქუჩას მიენიჭა ლენინის, ხოლო 1953 წელს საქართველოს დედაქალაქის თბილისის სახელი.
გივი მეფისაშვილის ქუჩა შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენდა მერაბ კოსტავას ქუჩის IV შესახვევს. 2009 წელს მიენიჭა ჩვენი თანაქალაქელის, ცნობილი ჟურნალისტის გივი მეფისაშვილის სახელი.
მერაბ კოსტავას ქუჩა მდებარეობს 26 მაისის და გელათის ქუჩებს შორის, შედის „ქალაქ-მუზეუმისა“და „საფიჩხიის“ მუნიციპალიტეტებში. წარმოქმნილია მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს. 1874 წელს ქუჩას მიენიჭა იმერეთის ყოფილი გენერალ-გუბერნატორის ლევაშოვის, ხოლო 1921 წლიდან-ფილიპე მახარაძის სახელი. 1990 წლიდან ქუჩა ატარებს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწის წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავჯდომარისა და საქართველოს ჰელსინკის დამაარსებლის მერაბ კოსტავას სახელს.
ლესია უკრაინკას ქუჩა მდებარეობს 26 მაისის და მ.კოსტავას ქუჩებს შორის, შედის „საფიჩხიის“ მუნიციპალიტეტში. წარმოქმნილია მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, როგორც ლევაშოვის (დღევანდელი მ.კოსტავას) ქუჩის შესახვევი, ხანდახან მას ჯაიანის შესახვევსაც უწოდებენ, რადგან აქ მდებარეობდა ივანე ჯაიანის სახლები. 1921 წლიდან იგი ყოფილი მახარაძის ქუჩის I შესახვევია. 1912-1913 წლებში ამ ქუჩის N10 სახლში ცხოვრობდა გამოჩენილი უკრაინელი პოეტი ქალი ლესია უკრაინკა. ამ მოვლენის აღსანიშნავად 1957 წელს შესახვევს მიენიჭა ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩის)სახელი.
დავით ბადრიძის ქუჩა შედის „საფიჩხიის“ მუნიციპალიტეტში. იწყება 26 მაისის ქუჩიდან და მთავრდება ტყიბულის ქუჩასთან. 1921 წლიდან ითვლებოდა ჯაფარიძის, 1990 წლიდან კი 26 მაისის ქუჩების I შესახვევად. 1998 წელს მიენიჭა ღვაწლმოსილი მომღერლის დავით ბადრიძის სახელი.
დიმიტრი ყიფიანის ქუჩა მდებარეობს სოლომონ I-ისა და თბილისის ქუჩებს შორის, შედის საფიჩხიის მუნიციპალიტეტში. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იგი ტყით იყო დაფარული. ქუჩად წარმოქმნა დაიწყო იმავე საუკუნის 70-იან წლებში და თბილისის ქუჩის შესახვევად იწოდებოდა. 1921 წლიდან 1953 წლამდე იგი ჯერ ლენინის ქუჩის მე-4 შესახვევის, შემდეგ კი თბილისის ქუჩის მე-4 შესახვევის სახელს ატარებდა. 1961 წელს შესახვევი ქუჩად გადაკეთდა და მიენიჭა ქუთაისში დაბადებული სომეხი რევოლუციონერის სტეფანე ალავერდოვის სახელი. 1990 წელს უწოდეს ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის სახელი.
კონსტანტინე მკურნალის ქუჩა იწყება გოგებაშვილის ქუჩიდან და მთავრდება სოლომონ I-ის ქუჩასთან. წარმოქმნილია მე-19 საუკუნის ბოლოს, როგორც ძველი თბილისის, დღევანდელი სოლომონ I-ის ქუჩის შესახვევი. მე-20 საუკუნის დასაწყისში შესახვევი შეუერთდა გენერლის (დღევანდელი გოგებაშვილის) ქუჩის გაგრძელებას და ამ ქუჩის ნაწილად ითვლებოდა. 1926 წელს ქუჩის მონაკვეთი კვლავ გამოაცალკავეს და გოგებაშვილის ქუჩის მე-6 შესახვევად იწოდა. 1964 წელს შესახვევი ქუჩად გამოცხადდა და მიენიჭა ცნობილი ქუთაისელი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე მკურნალის სახელი.
ბათუმის ქუჩა იწყება გელათის ქუჩიდან და მთავრდება თომაშვილის ქუჩასთან „მწვანეყვავილას“ უბანში, რომელიც საეკლესიო უწყებას ეკუთვნოდა და გვიანი ფეოდალური ხანიდან ქვარიანებს ჰქონდათ საკუთრებად მიცემული. ქუჩამ წარმოქმნა დაიწყო მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში და შემდეგ ხანებში ჯერ “მწვანეყვავილას“ შემდეგ „მოწამეთას“ ქუჩის მე-2 შესახვევად იწოდებოდა. 1926 წელს“მრუდე ქუჩის“სახელი ეწოდა. 1937 წლიდან მიენიჭა ბათუმის ქუჩის სახელი.
No comments:
Post a Comment