ღირსშესანიშნაობები

ამაღლების ტაძარი



          საკუთარ ეკლესიას მოკლებულმა საფიჩხიის მცხოვრებმა მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული, რამდენჯერმე ითხოვეს ნებართვა ეკლესიის აგებაზე. ბოლო თხოვნით 1884 წლის 10 დეკემბერს მიმართეს იმერეთის ეპისკოპოსს გაბრიელს, რათა ნება დაერთო ეკლესიის ასაგებად. გაბრიელ ეპისკოპოსმა ნებართვა გასცა, მაგრამ მშენებლობის დაწყებას ხელს უშლიდა მათივე სიღარიბე, როგორც წესი, ეკლესიას მრევლი აშენებდა თავისი ხარჯით. ეკლესიის აგება ალბათ დიდხანს დაიგვიანებდა რომ არა ერთი ღირსშესანიშნავი შემთხვევა: 1888 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III. იმპერატორი ქუთაისს ეწვია 13 ოქტომბერს დაათვალიერა გელათის მონასტერი და მოწამეთა. 17 ოქტომბერს კი პეტერბურგისკენ მიმავალი სამეფო  მატარებელი გადაბრუნდა. იმპერატორი უვნებლად გადარჩა. მხებელთაგან 14 ადგილზევე გარდაიცვალა, 18 მძიმედ დაშავდა. იმპერატორის უვნებლად გადარჩენა ღვთაებრივ სასწაულად იქნა მიჩნეული. ამ სასწაულის მოსაგონრად რუსეთის იმპერიის მრავალ ქალაქში დაიწყეს ეკლესიების მშენებლობა. ეს ფაქტი კარგად გამოიყენა გაბრიელ ეპისკოპოსმა ღარიბსაფიჩხიელთა სასარგებლოდ. მან მიმართა თხოვნით ქუთაისის თავს ლუკა ასათიანს.
    ეკლესიის ასაგებად საჭირო ტერიტორიის გამოყოფის შემდეგ მშენებლობა მალე დაიწყო. 1890 წელს მშენებლობაზე დიდი პარაკლისი გადაიხადა გაბრიელ ეპისკოპოსმა.
    საფიჩხიის მცხოვრების ამაღლების ეკლესია საზეიმოდ აკურთხეს 1893 წლის 17 ოქტომბერს. საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია ამჟამად მოქმედია. ის ხელახლა იქნა ნაკურთხი 1989 წელს, მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულზე.
                                                                                წყარო:მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქალბატონი თამარი
                   







                                        ამაღლების ეკლესია



ამაღლების ეკლესია
საფიჩხიის ცენტრში,
ლოცვითა და გალობით,
 განთქმულია ჩვენში.

პირჯვართგადაწერილთ,
მირონცხებულთ ზეთით,
ამაღლება კვლავაც,
აგვამაღლებს ზეცით.

შევევედროთ უფალს,
მარიამ ღვთისმშობელს,
აგვისრულონ ნატვრა,
ქვეყნად ყველა მშობელს.

დაგვილოცონ ერი,
ქართველობა ჩვენი,
კურთხეული მიწის,
შეცდომილნი შვილნი.
                                                                      
                                                                                                             ნანი ქავზინაძე
                                                         



    
 
წმ. ნიკოლოზის ეკლესია
       საფიჩხიის  წმიდა ნიკოლოზის ეკლესია აიგო  1900-იანი წლების დასაწყისში ფუნქციონირებდა დაახლოებით  10 წელი, შემდეგ ეკლესია დახურეს და გადააკეთეს საბავშვო ბაღად რასაც მოყვა მაშინდელი ურწმუნოების ფრთების შესხმა და მიიღეს გადაწყვეტილება დაენრგიათ ეკლესია და აეშენებიათ კაპიტალური შენობა ბავშვთა ბაღისათვის აქედან გამომდინარე დღევანდელი  N11 საბავშვო ბაღი დგას ძველი წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის საძირკველზე, ხოლო მისი ეზო დაახლოებით  4500 კვადრატული მეტრი შეადგენს ძველ დახურულ სასაფლაოს, რომელსაც მოიხსენებდნენ კუკულავების საგვარეულო სასაფლაოს და ეკლესიის სახელით.  2007 წლიდან დეკანოზი გიორგი გაფრინდაშვილი ჩაუდგა სათავეში მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ზემოთ აღნიშნული ეკლესიის ეზოში ტაძრის მშენებლობას და ქუთაისის მერიიდან მოახდინა შესყიდვა  400 კვ. მიწის ნაკვეთისა. 2008 წლის გაზაფხულზე ჩაასხეს საძირკველი ეკლესიისათვის ხოლო  2009 წლის  21 მაისს ეკლესია აკურთხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ. 2009 წლის  22 მაისს ნიკოლოზობას მეუფე კალისტრატემ ხელი დაასხა  დეკანოზ გიორგის მღვდლად და დააყენა ამავე ტაძრის წინამძღვრად სადაც დღესაც ამავე წოდებით მსახურობს. შემდგომში  2012 წლისთვის მოხდა ეკლესიის ეზოს გაფართოება და კონკორდატის საფუძველზე მოხდა  850 კვ.მ ის მომატება სადაც აშენდა დღევანდელი სამრეკლო, ეკლესიის სველი წერტილი და გალავნები. ეკლესია შეიმკო და შეიმოსა ეკლარის ქვით, ხოლო ეზო მოპირკეთდა ქვაფენილით. გამწვანდა და გალამაზდა მიმდებარე ტერიტორიები. 2012 წლის  4 ნოემბერს მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით და რეკომენდაციით მამა გიორგი დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით.
          

წყარო:  დეკანოზი გიორგი გაფრინდაშვილი, წმ ნიკოლოზის ეკლესიის წინამღვარი



                     

 წმინდა სამების ტაძარი


        საფიჩხიაზე, კერძოდ ქალაქის საზოგადო სასაფლაოზე, რომელიც მაშინ საღორიის სასაფლაოდ იწოდებოდა,  1911 წელს ეკურთხა სულიწმინდის მოფენის სახელობის ეკლესიასაღორიის სასაფლაო პირველი ოფიციალური მართმადიდებლური სასაფლაო იყო ქუთაისში, რომელიც  1892 წელს გაიხსნა. თავიდან ის ქალაქის თვითმართველობის განკარგულებაში იყო, ხოლო  1904 წლიდან ოფიციალურად ადგილობრივ სასულიერო მმართველობას გადაეცა.  ამავე წელს, იმერეთის ეპარქიის მაშინდელმა მმართველმა, ეპისკოპოსმა ლეონიდემ ქალაქისგან სასაფლაოს მისაღებად და კეთილმოსაწყობად შექმნა სპეციალური სამზრუნველო, რომლის თავჯდომარედ დაამტკიცა მიხეილ ანდრიას ძე გრიგორაში. სამზრუნველოს ერთ-ერთ უპირველეს საფიქრალს სასაფლაოზე ეკლესიის აგება შეადგენდა.  1905 წლის 18 დეკემბერის სხდომაზე  ვ.სახაროვმა ეკლესიის პროექტი წარადგინა, რომელიც სამზრუნველომ მოიწონა, ხოლო 1906 წლის 9 ივნისს ეპისკოპოსმა ლეონიდემ დაამტკიცა. ეკლესიის ფუნდამენტის კურთხევა და მშენებლობის დაწყება მოხდა 1906 წლის 11 მაისს ხუთშაბათს, ამაღლების დღესასწაულზე. 1908 წლის იანვარში,  უკვე ნახევრად აგებული ეკლესიის მშენებლობა შეჩერებული იქნა უსახსრობის გამო. ეკლესიის დასრულება, ისევ ქუთაისელთა დახმარებით გახდა შესაძლებელი 1911 წელს. შენობა 14 ათას მანეთად ააგო ბერძენმა გიორგი ადამიდიმ. 1911 წლის 29 ივნისს აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ. ეკლესიის  გამშვენიერებაზე მრავალნი ზრუნავდნენ, ასე მაგალითად, ახალ აგებულ ეკლესიას სამეუფეო კარისათვის 6 მოოქროვილ-მოჭედილი ხატი შეწირა ანა საყვარელიძემ, ვერცხლის წმ. ჭურჭელი ყარან დათეშიზის მემკვდრირემ, 50 მანეთად ღირებული ორფუთიანი ზარი ნიკოლოზ მაღრაძემ და მრავალმა სხვამ.
   საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1923 წელს საფიჩხიის სასაფლაოს ეკლესია დაკეტეს, 1924 წლის 9 დეკემბერს საღორიის უბნის მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს ქუთაისის სამაზრო აღმასკომს, რათა წირვა-ლოცვისათვის გაეხსნათ. 1925 წლის 28 თებერვალს ქუთაისის სამაზრო აღმასკომმა სულიწმინდის მოფენის ეკლესიის გახსნა დაადგინა. XX ს-ის 80_იანი წლების დასასრულს სსრ კავშირში მიმდინარე ე.წ გარდაქმნის წლებმა საშუალება მისცა საფიჩხიის უბნის მცხოვრებლებს თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ისევ ეზრუნათ თავიანთი ეკლესიის გახსნაზე. რის შემდეგაც დაიწყო გუმბათის აშენება, ტაძარში გაკეთდა სამი კარი, ჯვრის დადგმის დროს, როგორც გუმბათზე, ისე სამრეკლოზე, ცემენტის  ხსნარში შერეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს  პატრიარქის  მიერ  იერუსალიმიდან საგანგებოდ ჩამოტანილი, იესო ქრისტეს  საფლავიდან აღებული მიწა და მდინარე იორდანიის წყალი.
ეკლესია ეკურთხა წმ. სამების სახელზე რომლის წინამძღვრდ დაინიშნა დეკანოზი დავით აბჟანდაძე. 1990 წლის აგვისტოდან ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ილია ხეცურიანი.   ამავე წლის დასასრულიდან მღვდელმსახურებას ეწევა დეკანოზი პეტრე ახვლედიანი.
საფჩსიის სამების ეკლესიის გალავანში, ეკლესიის გარეთ, აღმოსავლეთ საკურთხეველთან დაკრძალულია ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი).
სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალულია ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) და ცნობილი სასულიერო პირები: სიმონ მჭელიძე, ირათეოზ ნიკოლაძე, გერმანე ჯაჯანიძე და ბესარიონ კუხიანიძე. რომლებიც მოწამეობრივად აღესრულენ აგვისტოს გამოსვლებში მონაწილეობის ბრალდებით (1924 წლის 28 აგვისტო).
(წყარო: დეკანოზი პეტრე ახვლედიანი, წმ. სამების მონასტრის წინამძღვარი) 





 ხარაზოვის ბაღი/ნიღბების თეატრი

         ხარაზოვის ბაღი მდებარეობს საფიჩხიაზე. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ტერიტორია დაფარული იყო  ტყის მასივით და დაჭაობებული ტბებით. 1948 წელს  ტყის მასივი გაიჩეხა და ტბები ამოავსეს. ეს ტერიტორია ეკუთვნოდა ძმებ ხარაზოვებს და სახელიც ამიტომ მათი ჰქვია. წინათ აქ ძალიან დიდი და ლამაზი ბაღი იყო ყვავილებისა და ხეების იშვიათი ჯიშებით, ირგვლივ ქვითკირისა და რკინის გალავანი ერტყა, დღეს ეს გალავანი მოხსნილია. ბაღი მოკირწყლულია ალიზით. შიგ დგას გალაკტიონის ბიუსტი. ხარაზოვის ბაღის ცენტრში აშენებული არის ნიღბების თეატრი-ეს თეატრი იმ დროისათვის ქუთაისში პირველი, ხოლო საქართველოში მესამე იყო. ამ თეატრში ეფროსინე კლდიაშვილმა კირილე ლორთქიფანიძესთან და სხვებთან ერთად 1861-1862 წლებში ჩამოაყალიბა სცენისმოყვარეთა ჯგუფი. ნიღბების თეატრი წლების წინ დაიწვა მაგრამ 2013 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, ეს თეატრი დღესაც ფუნქციონირებს. აქ მოღვაწე დასი მართავს სხვადასხვა სპექტაკლებს რომლებიც პოპულარობით სარგებლობს საქართველოს  სხადასხვა კუთხეში და ის საქართველოს ფარგლებსაც ცდება.





No comments:

Post a Comment